პოლიტიკური კრიზისი

მაჭარაშვილი: მელიაზე ლელოს ინიციატივა აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია შეთანხმებასთან

გურამ მაჭარაშვილი
mkhare.ge

ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ლელოს ინიციატივა ევროპარლამენტარებისთვის მელიას თავდებობის შეთავაზებასთან დაკავშირებით "აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია შეთანხმებასთან".

"ნიკა მელია ამ შემთხვევაში დააყენეს ასეთი დილემის წინაშე - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. ეს არის მისი დღევანდელი დილემა. რაც შეეხება მის გამოსვლას და ლელოს მოწადინებას, რომ რაღაცნაირად მესამე კარები გამოიგონოს მისი გამოსვლის, ეს არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად ლელომაც მოაწერა ხელი. 

ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული უკვე არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამდე უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ, რაც წერია პოლიტიკურ შეთანხმებაში, რომ ამნისტიის შესახებ კანონით უნდა გამოვიდეს ან ევროსაბჭოს შეთავაზებული გირაოთი უნდა გამოვიდეს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება". - ამბობს მაჭარაშვილი. 

ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებად დაუდგნენ. პარტიის განცხადების მიხედვით, ისინი მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები