გუდაური

POG: გუდაურს საბაგიროს 2 თანამშრომელს ბრალი წარედგინა – უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყვეს

პროკურატურის ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორ მემანქანე-ოპერატორს 2018 წელის 16 მარტს ე.წ საძელეს მთაზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალი წარედგინათ. შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ თანამშრომლებმა დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ "საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა – შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანამშრომლებმა – ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს". – ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები