რუსეთი

რუსეთში სამართალდამცავების მიერ გამოვლენილი კორუფციის მაჩვენებელი 8-წლიან მინიმუმზეა

დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს – Open Media-ს ცნობით, კორუფციაში ბრალდებული რუსი ჩინოვნიკების რიცხვი 8-წლიან მინიმუმზეა.

2020 წლის განმავლობაში კორუფციის ბრალდებით რუსეთის ფედერაციაში 6 948 ჩინოვნიკი გაასამართლეს, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2015 წელს მაჩვენებელი 11 500-მდე იყო.

ამას გარდა, კორუფციის ბრალდებები, რომლებშიც 1 მილიონ რუბლზე მეტი თანხა ფიგურირებს, 2012 წლის შემდეგ 12-ჯერ შემცირდა და გასულ წელს, 1 000 შეადგინა. 

სააგენტოს ინფორმაციით, საშუალოდ, კორუფციაში ბრალდებული 6 ჩინოვნიკიდან 1 სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, ორს – სამსახურიდან ათავისუფლებენ, დანარჩენები კი სასჯელს ჯარიმით იხდიან. 

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა არაერთი ანტიკორუფციული რეფორმა გაატარა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის კორუფცია "უმწვავეს პრობლემად" რჩება. ლევადა ცენტრის ინფორმაციით, რუსი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პუტინის მმართველობის განმავლობაში კორუფცია სტაბილურად იზრდება. 

კრემლის მთავარი კრიტიკოსი და ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ცნობილი სწორედ სამთავრობო ჩინოვნიკების კორუფციული სქემების გახსნითა და მათი დანაშაულში მხილებით გახდა, რასაც კრემლისგან მწვავე რეაქციები მოჰყვა, მათ შორის, ნავალნის მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები