პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ოცნებას სურს ამნისტია 3 პოლიციელზეც გავრცელდეს, არ მესმის რატომ

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან.

"მე არ მესმის, რატომ არის აუცილებელი ამნისტიის პროექტში, რომელიც შედის იმ თავში ხელშეკრულების, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, რატომ ჩათვალა ქართულმა ოცნებამ  სამართალდამცავების საკითხის დასმა, მაგრამ ეს არის შეთანხმება, ორი მხარე აქვს შეთანხმებას და მეორე მხარის პოზიციას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის ოცნების პოზიცია, რომ საუბარი არის 3 პოლიციელზე, რომლებიც მათ სურთ შეიყვანონ ამნისტიის შემადგენლობაში, ეს არ არის ჩვენი პოზიცია.

ამ სამი ადამიანის შეყვანა, რომ სურს ქართულ ოცნებას ამნისტიაში, ეს ჩვენ ვიცით, ისინი[მედიატორები] ისმენდნენ, მათთვის ეს სიურპრიზი არ იქნება, როგორ მოხდება ამნისტიის გაწერა, ეს მოხდება კონკრეტულ მუხლთან მიმართებაში, ეს ადამიანები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე და ამნისტია დაფარავს ამ მუხლს, კონკრეტულად მათ რა აქვთ გაკეთებული, ამას ვისმენდით სხვადასხვა ადამიანებისგან, მათ შორის პროკურატურაშიც გავაგზავნეთ წერილი, დეტალურად რომ გავერკვეთ". - ამბობს სალომე სამადაშვილი

ამასთან ერთად, სამადაშვილი ამბობს, რომ ამნისტია კონკრეტულ პირებსა და მუხლებს ეხება ამიტომ უტრირებაა საკითხის იმგვარად დაყენება, თითქოს მაკო გომურის დაზიანებაზე პასუხისმგებელ სამართალდამცავებსაც შეეხებათ ამნისტია.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ 16 ადამიანი და ნიკა მელია, რომლებსაც წაყენებული აქვთ ბრალი, ეს ადამიანები უნდა დაფაროს ამნისტიამ და გათავისუფლდნენ. სად მივალთ საბოლოოდ, ეს საჯარო იქნება, ამიტომ უტრირებაა, მაკო გომურის დაზიანებაზე პასუხისმგებელ სამართალდამცავზეა საუბარი, იმიტომ, რომ ესე არ არის. სამ კონკრეტულზეა საუბარი, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი". - ამბობს სალომე სამადაშილი 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები