მიხეილ ლომთაძე

ვინ არის ახალი ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე

მიხეილ ლომთაძე

Forbes-ის მილიარდერების სიას 46 წლის ქართველი ბიზნესმენი, ESM-ისა და ჰარვარდის კურსდამთავრებული, მიხეილ ლომთაძე შეუერთდა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მისი ქონება 3.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის რიგით 806-ე ადგილს იკავებს.  

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. 

2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდა [IPO] და ის 6.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 
კომპანიის აქციების საწყისი ფასი 33.7 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად ის უკვე 85 დოლარს აღწევს

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 

პანდემიის პირობებში ონლაინ გადახდებზე და ციფრული ანგარიშსწორების სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ პოზიტიური გავლენა იქონია კომპანიის შემოსავლებსა და აქციების ფასზე. 

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან "ხალხის მადლიერების" საპატიო მედალი მიიღო. 

Forbes-ის ყაზახურმა გამოცემამ ის წლის ბიზნესმენად აღიარა. 

მიხეილ ლომთაძე ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა. 
 

კომენტარები