თავდაცვის სამინისტრო

აუდიტმა თავდაცვის სამინისტროს ნაშთების დადარებისას 697 მლნ ლარის უზუსტობა აღმოაჩინა

mod.gov.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

სხვა უზუსტობებთან ერთად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში არსებული ნაკლოვანებები, რაც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების უტყუარ და სამართლიან წარდგენას. კერძოდ, ფინანსების მართვის დეპარტამენტის და სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში არსებული ნაშთების დადარებისას აღმოჩნდა, რომ უზუსტობა 697.4 მლნ ლარია. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სამინისტრო იყენებს განუბაჟებელ ტექნიკას, ხოლო ბიუჯეტის წინაშე კრედიტორული დავალიანება 34.7 მლნ ლარია.

"სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში მოცემული საბალანსო ანგარიშების ნაშთები არსებითად განსხვავდება მათ შესახებ ფინანსების მართვის დეპარტამენტში არსებული ნაშთებისაგან. 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა. სამინისტროს განმარტებით, 2020 წელს განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები მონაცემებს შორის სხვაობების შემცირების მიზნით და აღნიშნული უზუსტობების ჯამური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული მიმართულებით პრობლემის გამოსწორების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება სამუშაო პროცესი.

სამინისტროს არ აქვს დეტალურად შესწავლილი ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობის გამომწვევი მიზეზები, თუმცა აღსანიშნავია, რომ უზუსტობები ძირითადად გამოწვეულია აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესის ნაკლოვანებებით და არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებით. ამასთან, ხშირ შემთხვევაში არ არის დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ქვედანაყოფებსა და სამინისტროში ეკონომიკური მოვლენები აისახება სხვადასხვა პერიოდში". – წერია ანგარიშში.

სამინისტროს მიერ აღრიცხულია ისეთი ობიექტებიც, რომლებიც არ არის განბაჟებული. სამინისტროს კრედიტორული დავალიანება 34.7 მლნ ლარია და წარმოადგენს საქონლის განბაჟების შედეგად ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებას.

"სამინისტროს აპარატის 2019 წლის ბოლოს არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 57,897,121 ლარს, საიდანაც, დაახლოებით, 60% (34.7 მლნ) წარმოადგენს საქონლის განბაჟების შედეგად ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებას". – წერია ანგარიშში.

უზუსტობები გამოვლინდა სამინისტროს მატერიალურ მარაგებში.

"2019 წელს ერთ-ერთ ტექნიკაზე დამონტაჟებულია ამავე წელს მიღებული, 38,500 ამერიკული დოლარის ღირებულების განუბაჟებელი ძრავი, რომელიც ფინანსურად არ არის აღრიცხული. ქონების ფასგარეშე აღრიცხვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს სამინისტროში წლების განმავლობაში განუბაჟებელი საქონლის მიღება/ხარჯვის დამკვიდრებული პრაქტიკა". – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემთა სხვაობის მიზეზებს უკავშირებს სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობას და რიგ შემთხვევებში, ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციას. 

კომენტარები