პოლიტიკური კრიზისი

კუბილიუსი: თუ საქართველოს მაპი სჭირდება ნატოსთვის, მსგავსი გეგმა სჭირდება EU-სთვისაც

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას თქვა, რომ, როგორც ნატოსთვისაა საჭიროა მაპი, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მსგავსი დოკუმენტი.

"რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მე მიმაჩნია, რომ მეტი საშუალება უნდა მივცეთ ამბიციურ ქვეყნებს, ამიტომ უფრო ზუსტი ენა უნდა გამოვიყენოთ,  ევროპულ პარლამენტში საუბრისას.  ყველა ამ იდეებს უნდა ჰქონდეს მკაფიო ნიშნულები და პრაქტიკული საგზაო რუკა, თუ სად მიგვიყვანს ეს ინტეგრაცია. თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა მაპი ნატოში გასაწევრიანებლად, მსგავსი გეგმა არის საჭირო ამ ქვეყნების ევროკავშირში გასაწევრიანებლადაც, საჭიროა ევროკავშირმა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი რეკომენდაციები და რეზოლუციები, ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ". – წერს ანდრიუს კუბილიუსი

გუშინ, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები