პოლიტიკური კრიზისი

ნათელაშვილი: გულისტკივილს გამოვხატავ კოლეგების გამო, ვინც ხელმოწერით დაამთავრეს პოლიტიკა

ipress

"მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად". – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გუშინ ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა.

ნათელაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ როდესაც საქართველო დაბრუნდა საერთაშორისო რადარებზე, სწორედ ამ დროს არ ეყოთ ნებისყოფა ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა ნათელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიები, ენმ და ევროპული საქართველო კვლავ არ შედიან პარლამენტში.

"ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები განსაკუთრებით, მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო  რადარებზე, როგორც იტყვიან, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი ერთიანობით, დემოკრატიის სურვილით და ყველა იმ დადებითი პარამეტრით, რომელიც ჩვენს გარშემო ჩამქრალი და ჩამცხრალი იყო და მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამოვნო შედეგი, რომელიც კატასტროფა არაა, რადგან ძირითადი პოლიტიკური ძალები ხარისხობრივად და რაოდენობრივად, პარლამენტში ამ წუთისათვის არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან, რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და აგონიაში მყოფი ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა თავისი გარემოცვითაც". – თქვა ნათელაშვილმა


პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები