პოლიტიკური კრიზისი

ბუაძე: ლელო პარლამენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ შევა

on.ge

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის თქმით, ლელო პარლამენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ შევა.

მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, შეთანხმების სხვა პირობებზე გაგრძელდეს მუშაობა.

"რასაკვირველია, პოლიტიკური დევნის მყისიერად დასრულების გარეშე, ეს ყინული ვერ დაიძვრება, ეს შეთანხმება ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შესრულებულად. ამიტომ აუცილებელია, მოხდეს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რათა მოვახერხოთ და შეთანხმების სხვა პუნქტების შესრულებაზე გავაგრძელოთ მუშაობა.

ლელო პარლამენტში შევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას მყისიერად დაასრულებს და ამის შემდეგ უკვე გავაგრძელებთ მუშაობას იმ პირობების შესასრულებლად, რომელიც არის ამ შეთანხმებაში". – ამბობს ბუაძე. 


პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ  ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრმა არმაზ ახვლედიანმა. 

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები