პოლიტიკური კრიზისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით საქართველოში შეთანხმებამდე მისვლას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმება.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.

"მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. ეს კეთილი ნების ნიშანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია. ასევე მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების ძალაში შეყვანა. ჩვენ საქართველოს კვლავ ერთგულად დავეხმარებით ამ შეთანხმების მიზნების მიღწევაში". – დაწერა ნედ პრაისმა.


პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

 

კომენტარები