პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე სამადაშვილზე: მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ მიუღებელია თავდასხმა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად მოეწერა ხელი ხელშეკრულებისთვის და ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ.

"ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთის აზრის და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის. სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ". – წერს დეკანოიძე

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები