პოლიტიკური კრიზისი

საელჩო: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. 

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.

როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე". – წერია განცხადებაში. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ  ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს – საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან  ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები