პოლიტიკური კრიზისი

ლომჯარია: მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იყო.

"მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება! შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა.

მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა ნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ასევე, შეთანხმებაში მოყვანილი საკითხების (სასამართლო, საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება) კეთილსინდისიერ შესრულებაზე ძალიან მკაცრ ზედამხედველობას ევროკავშირის და ამერიკის მთავრობების მხრიდან". – წერს ნინო ლომჯარია. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ  ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს – საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან  ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები