პოლიტიკური კრიზისი

ბოკუჩავა: სავარაუდოდ, ენმ და ევსაქები ხელს არ აწერენ, სამადაშვილი და ბაქრაძე მოაწერენ

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ხელს არ მოაწერენ მიშელის ახალ დოკუმენტს, თუმცა, შესაძლოა, სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწეროს ხელი.

"ჩემთვის გზაში გახდა ცნობილი, რომ მომლაპარაკებელი მხარეები მედიატორების თანმხლებით ორბელიანის სასახლისკენ დაიძრნენ, იმისათვის, რომ ხელი მოაწერონ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დოკუმენტზე არ იქნება ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა, ისევე, როგორც ევროპული საქართველოს ხელმოწერა, თუმცაღა, თუ არ ვცდები, იქნება გარკვეული ინდივიდუალური ხელმოწერებიც მათ შორის, ანუ სავარაუდოდ სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე". – ამბობს თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა, თუმცა, ოპოზიციის, ხელისუფლების წევრები ელჩებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში მიდიან. სწორედ იქ გაგრძელდება შარლ მიშელის შეთავაზების განხილვა.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა, რომელზე ხელმოწერის მზადყოფნაც გამოთქვა ქართულმა ოცნებამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ და რესპუბლიკურმა პარტიამ. 

სხვა პარტიებს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მათ შორის არც ენმ-ს, თუმცა, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის შინაარსს არ იზიარებენ.

შარლ მიშელის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ, ხოლო აშშ-ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ის გიორგი რურუას შეიწყალებს.

 

კომენტარები