პოლიტიკური კრიზისი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს შეხვდნენ

ევროკავშირის მედიატორობით გამართული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ავრცელებს. 

შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება 18 აპრილს წარდგენილ შეთანხმების ტექსტს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ხელს აწერს. მათ შორის არიან ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება და რესპუბლიკური პარტია

სხვა პარტიებს ჯერჯერობით საბოლოო პოზიცია არ ჩამოუყალიბებიათ, მათ შორის არც ენმ-ს, თუმცა, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტს არ იზიარებენ. 

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები), ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პუნქტზე კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ, თუ გიორგი რურუას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს. 

"ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები