პოლიტიკური კრიზისი

ქადაგიშვილი: ეს დოკუმენტი ჩვენთვის მისაღები არ არის, მისაღებია ის, რაზეც ხელი მოვაწერეთ

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში, პოლიტპატიმრებისა და 43%-იანი ბარიერის შესახებ ინფორმაცია, "ექსპრომტად შეიტყო". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. 

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას მმართველი გუნდი, ქადაგიშვილი ამბობს, რომ მათ დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდათ.

„ჩვენ დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვქონდა. ვფიქრობთ, რომ ალბათ მათ უნდა შესთავაზონ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ამ საღამოს რაღაც სიახლე ირკვევა. ამას ვერავინ ვერ გადაწყვეტს კონსულტაციების გარეშე.

ჩვენ მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, რომელიც იყო ხანგრძლივი განხილვის შედეგი. იმ დოკუმენტში საერთოდ არ იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან". - ამბობს ქადაგიშვილი. 

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ეს დოკუმენტი მათთვის მისაღები არ არის და მისაღებია ის, რაზეც ხელი მოაწერეს, ანუ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. ამაზე ალბათ, იქნება უკვე ხვალ მსჯელობა. ახლა დღეს საღამოს ექსპრომტად ვიგებ ამ ინფორმაციას. ჩვენ დავრჩებით ალბათ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვიც, ეს დათქმაც და აქ ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება. რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც ჩვენ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამნისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო.

არაფერი საკონსულტაციო, ვფიქრობ, აქ აღარ არის, რადგან ყველაფერი ჩვენი მხრიდან ცალსახად და პლუს კიდევ უფრო მეტად იქნება შემოტანილი - 40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობა? გაურკვეველია. ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება ხვალ". - ამბობს ქადაგიშვილი. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული სამართლიანობის ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ექვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები