პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: დოკუმენტში პრობლემებია გარკვეულ საკითხებზე, უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, იმასთან შედარებით, რაც იყო მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდზე. 

მისივე თქმით, დოკუმენტში არის გარკვეული პრობლემები, რაზეც პარტიამ უნდა გააგრძელოს მსჯელობა და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. 

"გეტყვით პირდაპირ, რომ ჯერჯერობით გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდა კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. მე სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა ამავე დროს, დღეს ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა ქართული ოცნება იმ შეთანხმების ხელმოწერას, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. რადგან ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ იყვნენ წარმოდგენილი, ეს აჩვენებს ზოგადად მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ ნაბიჯი გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება,  გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ვნახოთ, რამდენად მისაღები აღმოჩნდება ეს პოზიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის". - ამბობს სამადაშვილი. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული სამართლიანობის ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ექვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები