პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: დოკუმენტი მისაღებია, მაგრამ ვიმსჯელებთ პოლიტსაბჭოსთან და დაველოდებით სხვა კოლეგებს

ახალი საქართველო

"შეიძლება, მე მინდოდა, კიდევ ბევრი რამ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის". - თქვა ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში, მედიატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი  დოკუმენტის თაობაზე პარტია პოლიტსაბჭოზე იმსჯელებს. მან ასევე ისაუბრა იმ პუნქტებზე, რაც დოკუმენტშია ასახული. 

"თითოეულმა მოქალაქემ რომ გაიგოს, რა წერია ამ დოკუმენტში, ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი. ორივე საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, შეიძლება იყოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება გამოყენებული იყოს და არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43%-ის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით". - ამბობს ვაშაძე. 

მისი შეფასებით, მედიატორებმა პარტიებს  რაციონალური, კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რომელიც დღეს შეხვედრას არ დაესწრო, ვაშაძის თქმით, მათი მოვალეობაა, რომ "დესტრუქცია, რომელიც მათი მხრიდან არის გამოწვეული, უნდა იქნეს გამოსწორებული და შეთანხმება შედგება".

"ამ ჩართვის დროს იყო კიდევ საუბარი, რომ ახლა ოთხი წლის მანძილზე არავინ არ აპირებს არც ევროპის და არც ამერიკის მხრიდან, რომ მუდმივად ჩვენი მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებში, ამიტომ ყველას მართებს ღირსეული მიდგომა, რეალურად ღირსეული, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ევრ ვხედავ ქართული ოცნების მხრიდან, ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს. ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ ათწლეულების მერე, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს, თანამედროვე პირობებში, 2021 წელს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ კონკრეტული ადამიანები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, რომ ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის ქართული ოცნების მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება". - ამბობს ვაშაძე. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული სამართლიანობის ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები