პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ვიქნებით მოქნილები, მაგრამ პრინციპულები

"ჩვენ დარჩენილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის პოლიტპატიმრების - მელიასა და რურუას გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებთან მისვლა, იმიტომ, რომ ამის გარეშე კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოხდება და თავს მოვიტყუებთ ყველანი, ვინც სხვანაირად ვიტყვით". - თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ევროკავშირის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე. 

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულებას სჭირდება ნორმალური არჩევნები და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. 

"პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა არის შედეგი ძალიან ღრმა პრობლემის და არა მიზეზი პრობლემის. ნორმალურ ვითარებაში პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ამისთვის მდგომარეობა აქამდე უნდა მივიდეს, მდგომარეობის აქამდე მისვლას სჭირდება ნორმალური არჩევნები და ამას კი სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. 

მელიასა და რურუას თავისუფლება არ არის პერსონალური საკითხი ამ ორი ადამიანის, ეს არის პრინციპული საკითხი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ამ ტიპის პრობლემები აღარ იყოს და ყველა ხელისუფლებამ, არა მხოლოდ ასეთმა პრობლემურმა, რბილად რომ ვთქვა, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, არამედ უკეთესმაც კი, არასდროს არ იგრძნოს თავი არაანგარიშვალდებულად მოქალაქეების წინაშე". - ამბობს ბოკერია. 

რაც შეეხება შეთანხმების მოლოდინებს, ბოკერიას თქმით, "ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს"

" ჩვენ ვიქნებით მოქნილები, მაგრამ პრინციპულები, ჩვენ გვესმოდა დიდი ხანი, რომ საერთოდ არ განვიხილავთ არაფერს, ვადამდელ არჩევნებზე საუბარიც კი მკრეხელობა იყო, ახლა არალოგიკური და მიუღებელი, მაგრამ რაღაც ტესტი შემოგვთავაზეს, ლოგიკურ ფინალამდე უნდა მივიდეს ეს ყველაფერი". - ამბობს ბოკერია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა იწყება. 14:00 საათზე დანიშნული შეხვედრა ჯერ 17:00 საათამდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო. 

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრებიან. 

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ პუნქტი ბუნდოვანია, ხელს არ მოაწერენ.

    კომენტარები