ბელარუსი

ლუკაშენკო მასზე და მის ოჯახზე თავდასხმის მომზადებაში აშშ-ს სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

ალექსანდრ ლუკაშენკოს ცნობით, მასზე და მის ოჯახზე თავდასხმა მზადდებოდა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმას პოლიტოლოგი ალექსანდრ ფედუტა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი გრიგორი კოსტუსევი და აშშ-ში მცხოვრები ადვოკატი იური ზენკოვიჩი ამზადებდნენ. ისინი ამ კვირაში დააკავეს.

ლუკაშენკოს ცნობის თანახმად, თავდასხმის მომზადების უკან ამერიკული სპეცსამსახურები იდგნენ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ უცხოური სპეცსამსახურების აშკარა საქმიანობის კვალი, სავარაუდოდ, ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA), გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), არ ვიცი ამერიკელებიდან ვინ მუშაობდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ მათი სურვილი, გამოცხადებულიყვნენ მინსკში და დაკავებულიყვნენ პრეზიდენტსა და ბავშვებზე თავდასხმის ორგანიზებით". - თქვა ლუკაშენკომ.

"მე სხვა რამ მაოცებს, რატომ იქცევიან ამერიკელები ასე? პრეზიდენტის ლიკვიდაციის ბრძანების გაცემა ხომ არავის შეუძლია უმაღლესი პოლიტიკური მმართველობის გარდა" - აღნიშნავს ლუკაშენკო ვიდეოში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ხელმძღვანელმა ივან ტერტელმა ბელაურუსული არხის ეთერში თქვა, რომ ფედუტა, ზენკოვიჩი და კოსტუსევი იყვნენ დამნაშავეთა ჯგუფის წევრები, რომელმაც "ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური ლიკვიდაციის" გეგმა შეიმუშავა და მისი განხორციელება დაიწყო. ტერტელის თანახმად, თავდასხმის მიზანი ბელარუსში "ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდება" იყო. ბელარუსის КГБ-ს მიხედვით, სახელმწიფო გადატრიალება 2021 წლის ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი.

ბალარუსის КГБ-ს ინფორმაციას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (ФСБ) ადასტურებს და აღიარებს, რომ ფედუტას და ზენკოვიჩის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. უშიშროების სამსახურის ცნობით, ისინი რუსეთში აშშ-სა და პოლონეთში კონსულტაციების გავლის შემდეგ ჩავიდნენ. ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ბელარუსში არა ზაფხულში, არამედ 9 მაისისთვის იგეგმებოდა.

ალექსანდრ ფედუტა 1990-იან წლებში ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანი იყო. 2005 წელს მან გამოსცა ლუკაშენკოს პირველი პოლიტიკური ბიოგრაფია. მოგვიანებით ფედუტა ოპოზიციაში გადავიდა. იური ზენკოვიჩი 2000-იანი წლების დასაწყისში ოპოზიციური პარტიის ბელარუსის ეროვნული ფრონტის წევრი იყო. ის აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იურიდიული კარიერა აიწყო. ზენკოვიჩს ბელარუსის მოქალაქეობასთან ერთად აშშ-ს მოქალაქეობაც აქვს. ზენკოვიჩი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს სოციალური მედიით აკრიტიკებდა.

კომენტარები