ბათუმის ახალი მეჩეთი

სააპელაციომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიის უარი მეჩეთის მშენებლობაზე უკანონო იყო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. 

ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამთა მიქელაძე ვრცელებს.

მისი ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო და მშენებლობის პირველ ეტაპზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო. 

2019 წლის 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია.

მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად წლებია, იბრძვის. თემმა სასამართლოს სარჩელით 2017 წელს მიმართა, სადაც მათ ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  იცავდა. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნა იყო, სასამართლოს ბათილად ეცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურდა, სასამართლოს მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის გაცემა დაევალებინა და დაედგინა, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

კომენტარები