ევროპული საქართველოს რეგიონული მდივანი, ლაშა დამენია 11 აპრილს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან გამართულ შეხვედრებს ეხმაურება.
"მედიატორი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რათა ხელშეკრულებაზე შედგეს თანხმობა. ქართული ოცნება იძულებული გახდება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა". – ამბობს დამენია.
მისივე თქმით, ევროპული საქართველო, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, მზადაა, მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დატოვებული ექვსპუნქტიანი ხელშეკრულებიდან სამს, თუმცა ამის აუცილებელი წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო წნეხი და შიდა პროტესტები აიძულებს ქართულ ოცნებას, მიიღოს საქართველოს განვითარებისთვის და ევროინტეგრაციისთვის საჭირო გადაწყვეტილება". – თქვა დამენიამ.
11 აპრილს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შემდეგ კი პარტია ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.
თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.