Clubhouse

CLUBHOUSE-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა

სოციალური ქსელის Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა. გავრცელდა მომხმარებლების სახელები, ფოტოსურათების ბმულები, სახელები, რომლებსაც Clubhouse-ის მომხმარებლები სხვა სოციალურ ქსელებში იყენებდნენ, გამომწერების რაოდენობა და ვინ მიიწვია ესა თუ ის მომხმარებელი Clubhouse-ში.

მომხმარებლების მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით კომპანიას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. Clubhouse-ი მომხმარებლებს ურჩევს, უსაფრთხოებისთვის შემოწმების პროცედურა გაიარონ, მათ შორის შეცვალონ პაროლი და დააყენონ ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქცია ანგარიშში შესვლისთვის.

ჰაკერულ ფორუმზე, რომელზეც Clubhouse-ის მომხმარებლების მონაცემები გამოქვეყნდა, ერთი კვირის წინ Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაავრცელეს, კერძოდ, ვინაობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, დაბადების თარიღი, მისამართი, ბიოგრაფია და პროფესია.

Clubhouse-ს მომხმარებლების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით პრობლემები თებერვალშიც შეექმნაBloomberg-ის ინფორმაციით, Clubhouse-ზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ჰაკერებმა ათასობით აუდიო ჩანაწერი მოიპარეს და უკანონოდ გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, სტენფორდის კიბერუსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის (SIO) წარმომადგენლების თქმით, აპლიკაციის მომხმარებლებმა უნდა ჩათვალონ, რომ მათი საუბრები იწერება და ისმინება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აპლიკაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკას არღვევს და მომხმარებლების პირად ინფორმაციას ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას უზიარებს.

სოციალური ქსელი Clubhouse-ი 2020 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, ის კომპანია Alpha Exploration Co-ს ეკუთვნის. 2021 წლის დასაწყისში სოციალური ქსელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. Clubhouse-ის აპლიკაცია ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის და სასაუბრო "ოთახების" შექმნის საშუალებას იძლევა. სოციალურ ქსელში გაწევრიანება მხოლოდ სპეციალური მოწვევის შემდეგ არის შესაძლებელი.

კომენტარები