ევროპული საქართველოს ყრილობა

ბოკერია: სიძულვილის თესვა, განსხვავებული ადამიანების დევნა უბედურების მოტანას ემსახურება

"ჩვენ ყველას, და პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, გვმართებს ძალისხმევის გაასმაგება, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ თითოეულ ოჯახამდე, რომ ასჯერ უკეთესად და ენერგიულად ვიმუშაოთ, რომ ყველას ავუხსნათ, თუ რაში ვხედავთ კრიზისიდან გამოსავალს და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ. ყველაფერ ამაში მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენთან ერთად ვაპირებ ამის გაკეთებას. ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, როგორ უსინდისოდ გვატყუებენ ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ რუსულ ბაზარში ან ჩრდილოელ მეზობელში არის გამოსავალი ჩვენი პრობლემებიდან. ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, რომ სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილის თესვა, განსხვავებული ადამიანების დევნა, იმის თქმა, რომ ჩვენი პრობლემები გადამთიელების ბრალია, არის არა წინსვლის  საფუძველი, არამედ თვალში ნაცრის შეყრა და მხოლოდ ძალადობას და ამ ქვეყანაში უბედურების მოტანას ემსახურება. ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, რომ ვინც იძახის, რომ დღევანდელი თუ ხვალინდელი მთავრობა ხალხზე უკეთ დაგეგმავს მათ ცხოვრებას, მათ ნაცვლად განკარგავს მათ რესურსებს და ფულს, მათ დაუგეგმავს როგორ იშრომებენ და ამით აჩუქებს ბედნიერებას, უსინდისოდ და ბრიყვულად იტყუება."

პარტია ევროპული საქართველოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, განცხადება გააკეთა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები