კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, უქმე დღეები ტრანსპორტს არ შეეხება, დეტალები კი დაზუსტდება. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ "საყურადღებოა შემთხვევების მატების დინამიკა" და პროცესი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს, როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან. 

"მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ". – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავდროულად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ. 

"საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა". – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

9 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 287 183 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 276 426 გამოჯანმრთელდა, 3858 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები