რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა

სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა.

ჯილდო მის ოჯახის წევრებს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე გადაეცათ.

საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის პანაშვიდზე აქტივისტებმა საოკუპაციო მავთულხლართები ყვავილებით მორთეს.

ხურვალეთში დათა ვანიშვილის სახლის წინ, მის კუთვნილ მიწაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები 2011 წელს გააბეს. მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო მიწის ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ მოქალაქეობა, თუმცა ის უარს ამბობდა. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო დათა ვანიშვილი რამდენჯერმე დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

დათა ვანიშვილი ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა, დაეთმო საკუთარი სახლი და ანდერძში ცოლსაც სწორედ ეს დაუბარა. 

კომენტარები