პოლიტიკური კრიზისი

საპატრიარქომ უცნობის ანტიოპოზიციურ აქციას მადლობა გადაუხადა

საქართველოს საპატრიარქომ უცნობის მიერ ორგანიზებულ ანტიოპოზიციურ აქციას Facebook გვერდზე მადლობა გადაუხადა. იქამდე საპატრიარქოს გვერდზე აქციის ლაივი გაუშვეს. 

"რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო?" - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე.

როგორც ჯაღმაიძე წერს, კონტრაქციის მოანწილეები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ: 

"ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს. მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი.

უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა.

როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ, ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა" - წერს ჯაღმაიძე.

აქციაზე უცნობმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერაც დააწერა: "ღმერთი სიყვარული არს".

15 მარტს, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ "მარადისობის დღის" დაფუძნება და ოპოზიციის წინააღმდეგ 9 აპრილს ხალხის გამოყვანა დააანონსა. "უცნობის" თქმით, ეს არის მდუმარე შეკრება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე ხალხი გამოდის.

კომენტარები