ბიძინა ივანიშვილი

Forbes: ივანიშვილი კვლავაც მილიარდერია, მისი ქონება $4.8 მილიარდადაა შეფასებული

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: George Nebieridze , BuzzFeed

გამოცემა Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის მსოფლიო რეიტინგში 589-ე ადგილს იკავებს. 

Forbes-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონება რამდენიმე კვირით 3.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა დღევანდელი, 8 აპრილის მონაცემებით, მისი ქონება ისევ 4.8 მილიარდს შეადგენს. 

Forbes-ის რეიტინგისგან განსხვავებით, გამოცემა Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონება 5.82 მილიარდი დოლარია და ბოლო წლის განმავლობაში 150 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილი მსოფლიოს რიგით 474-ე უმდიდრესი ადამიანის ადგილს იკავებს. 

ივანიშვილმა 2020 წლის იანვარში თქვა, რომ ის თავისი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებს, ქონების უდიდეს ნაწილს კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. 

"მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის". – თქვა ივანიშვილმა.

მიუხედავად ამისა, Forbes-ი და Bloomberg-ი ივანიშვილის ქონებას ისევ 4 მილიარდზე მეტად აფასებენ. 

კომენტარები