პოლიტიკური კრიზისი

ფონ კრამონი: საქართველო იმაზე უფრო შორსაა EU-ს წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია

ევროპარლამენტარმა,  ფონ კრამონმა  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ონლაინ შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველო დღეს შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, რადგან წლების განმავლობაში ქვეყანა უკან მიდის.

"ვისურვებდი უფრო ახლოს ვიყოთ, გულწრფელად, საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მას შემდეგ, რაც ბევრჯერ ვესტუმრე საქართველოს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი შესამჩნევად უკან მიდის გასული წლების განმავლობაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ხელისუფლებასა და პარლამენტში გაუგებარია, ამიტომ ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთივე ცხადი, როგორიც იყო ადრე.

როდესაც გაჩნდება ძალის განაწილების, კომპრომისზე წასვლის ნება და ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს გაუჩნდება გრძნობა, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება წევრობაზე საუბარი, სულ მცირე, ევროპული პარლამენტისგან, თუმცა ეს ჩემი პირადი შეფასებაა". – ამბობს ფონ კრამონი 

ფონ კრამონი შეეხო ფინანსური დახმარების და ზოგადად ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხსაც და თქვა, რომ მათ ისეთი პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც მზადაა, მიიღოს ეს დახმარებები და გაანალიზოს მათი მნიშვნელობა.

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითმენდით, ისე, რომ ცოტათი დავაგვიანეთ კიდევაც ჩვენი განცხადებით ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით, ეს არის დასაწყისი. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გეზს, თუმცა ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ ჩვენი დახმარება და გაანალიზონ მხარდაჭერა ფინანსური ან სხვა რაიმე დახმარების გზით". – ამბობს ფონ კრამონი

ამასთან ერთად, ფონ კრამონმა თქვა, რომ ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე პარლამენტში კიდევ იქნება საუბარი და ეს არ იქნება მხოლოდ ცაკლეული წევრების აზრი, არამედ ერთიანი, თანმიმდევრული ხედვა. 

"ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ფინანსურ დახმარებაზე, რას ვიზამთ, რა სახის პირობას ჩავდებთ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალური წევრების აზრი, არამედ პარლამენტის ერთობლივი, თანმიმდევრული შეხედულება, აუცილებელია იმის თქმა, რომ ეს არ არის ჩვენი სურვილი, რომ ასეთი მკაცრი ენა გამოვიყენოთ, საქართველოდან იყო პროვოკაცია". –ამბობს ფონ კრამონი 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

პირველ აპრილს, ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც განიხილეს საქართველოში მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შეჩერების საკითხი.

ამ დახმარებაში იგულისხმება 2020 წლის აპრილში ევროკომისიის მიერ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€ მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

 

კომენტარები