ოკუპირებული ტერიტორიები

ტიკარაძე გალზე: ყველანაირად ვეცდებით, ეს გზა გავამარტივოთ და რისკები დავიყვანოთ მინიმუმამდე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედრის პოვნის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფერს ეცდებიან ამ გზის გასამარტივებლად და რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.

"ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღემდე ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უწევთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და შესაბამისი მომსახურების მიღება. ჩვენ გავუწიეთ მომსახურება 1500-მე ბენეფიციარს, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა საჭიროება ჯანმრთელობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით. 

ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მსგავს შემთხვევებს, როგორსაც დღეს აქვს ადგილი და მე ვიზიარებ მწუხარებას ამ ადამიანების ოჯახის წევრების, წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი, ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უწევთ სხვადასხვა გზით დააღწიონ თავი ამ რეჟიმს და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე". – ამბობს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 5-დღიანი კარანტინის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ მიიღებს, ეს საკითხი საბჭოზე დგას და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ საბჭოს ფორმატში, ერთობლივად მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ყველა რისკს, როგორც ეპიდემიოლოგიურს, ასევე სხვა რისკებს. ეს საკითხი საბჭოზე დგას და ამ საკითხზე რისკების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ალბათ, უახლოეს მომავალში გავაცნობთ მოქალაქეებს". – ამბობს ტიკარაძე.


მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები