ოკუპირებული ტერიტორიები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალზე: კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია, ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის და ფორმატის გამოყენებით, განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს

ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები