პოლიტიკური კრიზისი

მდინარაძე: პირდაპირ ვიტყვი, ტყუილია, რომ თითქოს ევროკავშირის რაღაც სანქციებზეა საუბარი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "გადაჭარბების გარეშე" შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მხრიდან "რაღაც სანქციებზე" საუბარი ტყუილია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია მთელი დღის განმავლობაში და ჩვენი ოპონენტები სწევენ თემას იმგვარად, რომ თითქოს რაღაც ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი, როდესაც პირობითობას და, ვიმეორებ, პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი ძალიან საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, კოლეგები ევროპარლამენტიდან, ამას დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება". – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გუშინ, 1-ელ აპრილს გამოაქვეყნეს. განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;
  • ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;
  • სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;
  • მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;
  • პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელარუსის შესახებ.

კომენტარები