აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

თალაკვაძე სახ. დეპზე: ამ ანგარიშის ბუნებაა, რომ ყველა ქვეყანასთან გახლავთ კრიტიკული

რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის "ბუნება და ტრადიციაა", რომ ყველა ქვეყნის მიმართ კრიტიკულია. ასე აფასებს დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს რუსთავი 2-ის ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების სერია ადამიანის უფლებებზე ქვეყნდება პერიოდულად, ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, ყოველწლიურად საქართველოს შეფასებაც კეთდება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. უნდა გითხრათ, რომ თვითონ ამ ანგარიშის ბუნება, ანუ ტრადიცია ისაა, რომ ეს ანგარიში ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც, გახლავთ კრიტიკული. ეს ანგარიში ემსახურება იმას, რომ პარტნიორ და მეგობარ მთავრობებს აშშ ეუბნება დაკვირვების შესახებ, თუ რა პრობლემებია და თავისთავად, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ვინც მუშაობდა ამ ანგარიშზე და შეკრიბა მთელი ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, საქართველოდან NGO-ის ანგარიშები, მოაქცია ეს საერთო ანალიზში, გამოაქვეყნა და მოგვაწოდა ჩვენ". – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში  გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომელშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში.

ანგარიშში ვკითხულობთ პოლიტპატიმრების შესახებაც: "არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეზღუდული იყო პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში, მოსამართლეები გონივრულ მიზეზს ვერ ასახელებდნენ დახურული მოსმენების საჭიროებაზე". – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ანგარიში ასევე  მოიცავს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებასაც გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდებენ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ, რაც იყო გათვალისწინებული 8 მარტის შეთანხმებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია თვითნებური დაკავების ფაქტებზეც, მათ შორის 2020 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის მხრიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი მელაშვილისა და  წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავებაზე. ანგარიშის მიხედვით, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა ისედაც დესტაბილიზებულ რეგიონში.

 

კომენტარები