აშშ-ს რეპორტი

აშშ: მეუფე იოანეს 20 დეკემბრის ქადაგება შეიცავდა ანტისემიტურ განცხადებებს

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში  გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომელშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში.

ანგარიშში საუბარია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს 20 დეკემბრის ანტისემიტურ განცხადებებზე და წერია, რომ მისი ქადაგება შეიცავდა რამდენიმე ანტისემიტურ ტროპს, მათ შორის, მოიხსენიებდა ებრაელებს, როგორც "ქრისტეს ჯვარმცმელებს" და "ქრისტიანთა მდევნელებს".

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგება შეიცავდა რამდენიმე ტრადიციულ ანტისემიტურ ტროპს, მათ შორის, მოიხსენიებდა ებრაელებს, როგორც "ქრისტეს ჯვარმცმელებს" და "ქრისტიანთა მდევნელებს". მიტროპოლიტმა გამრეკელმა თქვა: "ეს არ არის განპირობებული ეთნიკურობით, ეს არის ურწმუნოთა მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". ქადაგება გააკრიტიკეს და მიიჩნიეს ანტისემიტურად რელიგიური თავისუფლების მხარდამჭერმა ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. ამ კრიტიკის საპასუხოდ, ისრაელში საქართველოს ელჩმა დაიცვა მიტროპოლიტის განცხადება და თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული. ეკლესიის წარმომადგენლებმა შემდგომში განცხადება ანტისემიტურად მიიჩნიეს". – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია.     

მის ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა. TDI-იმ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და განაცხადა, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია.

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზე.

9 იანვარს, ევროპულმა საქართველომ მოითხოვა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელიდან გამოიწვიოს საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია. 

კომენტარები