აშშ-ს ანგარიში

რა წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოში

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში  გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომელშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში.

ანგარიშში ვკითხულობთ 2020 წელს ჩატარებულ არჩევნების შესახებ, სადაც წერია, რომ პანდემიის პირობებში ეუთომ  შეამცირა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ამ პირობებში,  წინასწარი შეფასების მიხედვით,  დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტუნარიანი, რომელშიც დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, თუმცა ისიც ახსენეს, რომ "ამომრჩეველზე ზეწოლის ბრალდებებმა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამქრალმა ხაზებმა ამ პროცესის მიმართ მოსახლეობაში ნდობა გააქრო".

სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები 2020 წელს მოიცავდა შემდეგს: სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, მათ შორის  დაკავებების, გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის ფაქტები - ფართოდ მიჩნეული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო ჩარევა პირად სივრცეში,  მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების მიმართ შეზღუდული პატივისცემა და დანაშაულები, რომლებიც მოიცავენ ძალადობას ან მუქარას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანდგენდერ და ინტერსექს ადამიანების მიმართ.

ანგარიშში ასევე ნახსენებია 2019 წელს მთავრობის მხრიდან ჟურნალისტებისა და პროტესტანტების მიმართ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და მათ წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალები. ამასთან ერთად, ნახსენებია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და მისი ქვეყნიდან საიდუმლო ფორმით გამგზავრების ფაქტიც.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ 2018 წელს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების შეწყვეტაზე - პროკურატურამ ამის მიზეზად დაასახელა "დანაშაულის არარსებობა". შემდგომ, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, გამოძიება არ გაგრძელებულა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია თვითნებური დაკავების ფაქტებიც, მათ შორის 2020 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის მხრიდან სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრების, ვალერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება. ანგარიშის მიხედვით, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა ისედაც დესტაბილიზებულ რეგიონში. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, კარტოგრაფების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ანგარიშში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევისა და მიკერძოების ფაქტებზეც: "მოსამართლეები შიდა და გარე პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოექცნენ". –წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ანგარიშში მითითებულია გავლენიან,  არაპროგრესულ მოსამართლეების ჯგუფზე, რომელსაც "კლანად" მოიხსენიებენ". ასევე, მოყვანილია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული რეპორტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სასამართლოს მსგავსი მოსამართლეების ჯგუფი მართავს.

ანგარიშში ვკითხულობთ პოლიტპატიმრების შესახებაც: "არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეზღუდული იყო პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში, მოსამართლეები გონივრულ მიზეზს ვერ ასახელებდნენ დახურული მოსმენების საჭიროებაზე". – წერს სახელმწიფოს დეპარტამენტი. ამასთან ერთად, ის საუბრობს 16 არასამთავრობო ორგანიზაციის  საერთო განცხადებაზე, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გაზრდილ რაოდენობასა და პოლიტიკური დევნის გახშირებულ შემთხვევებზე.

პოლიტიკურ პატიმრებზე საუბრისას მოყვანილია თიბისი ბანკის 2 დამფუძნებლის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისა და ტვ პირველის მფლობელის მამის წინააღმდეგ აღძრული საქმეები და იმ პირების დაპატიმრების შემთხვევები, რომლებიც 2019 წლის ივნისში აპროტესტებდნენ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. 

„ოპოზიცია აგრძელებდა მოწოდებას ოპოზიციონერი ფიგურის, გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, და მას ახასიათებდა პოლიტპატიმრად, რომლის გათავისუფლებაც იყო დათქმული 8 მარტის შეთანხმებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“. –ვკითხულობთ ანგარიშში.

 

კომენტარები