აშშ-ს ანგარიში

კანდელაკი: აშშ-ს ანგარიშში წერია, ყოველგვარი ახალი ტალღა სასამართლოს ვითომ რეფორმისა, ბლეფია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში.

კანდელაკის თქმით, ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლების მიერ სასამართლოში რეფორმების ნებისმიერი მორიგი ტალღის დაანონსება "ბლეფია" და მოცემული ანგარიში ნათლად გვახსენებს, თუ რატომაა აუცილებელი ვადამდელი არჩევნები და ქვეყნის მმართველობის მთლიანად გადატვირთვა.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ყოველგვარი მე-3, მე-4, მე-7 თუ 23-ე ტალღა სასამართლოს ვითომ რეფორმისა, არის ბლეფი. სამწუხაროა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის მთლიანად ივანიშვილის ჯიბეში და ამ კონტროლს ის ახორციელებს კლანის საშუალებით". – თქვა კანდელაკმა.


30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომელშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები 2020 წელს მოიცავდა შემდეგს: სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, მათ შორის  დაკავებების, გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის ფაქტები - ფართოდ მიჩნეული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო ჩარევა პირად სივრცეში,  მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების მიმართ შეზღუდული პატივისცემა და დანაშაულები, რომლებიც მოიცავენ ძალადობას ან მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსდგენდერი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ.

დეტალურად იმის შესახებ, თუ რა წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში წაიკითხეთ – აქ

კომენტარები