პოლიტიკური კრიზისი

კაპანაძე: დანიელსონი, ალბათ, კონკრეტულ დოკუმენტს დადებს, ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის აზრით,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს, 30 მარტს, მხარეებს კონკრეტულ დოკუმენტს შესთავაზებს, რომელიც იმ თემების ირგვლივ იქნება, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დატოვა. 

მისივე თქმით, კრიზისის განმუხტვისთვის ქართული ოცნების ნაბიჯია საჭირო. 

"ჩვენ ველოდებით დღეს, რომ ბატონი დანიელსონი  კონკრეტულ დოკუმენტს დადებს, რომელიც იქნება იმ თემების ირგვლივ, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დატოვა. ამ წუთში არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ოპოზიცია თავის პოზიციას შეიცვლის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ამას სჭირდება ახალი არჩევნების დანიშვნა და კონკრეტული გზით მისვლა ახალ არჩევნებამდე, პოლიტიკური დევნის დასრულება და ფუნდამენტური რეფორმები. აქედან გამომდინარე მოლოდინი გვაქვს, რომ ამის ირგვლივ იქნება კონკრეტულად დოკუმენტი. რაიმეს გამოცნობას ეხლა არ დავიწყებთ, ვნახავთ რა დოკუმენტი დაიდება და შემდეგ უკვე გვექნება შიდა კონსულტაციები და ჩვენს პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით დავაფიქსირებთ. 

საბოლოო ჯამში, ისევ დარწმუნებული ვართ, რომ ქართული ოცნების ნაბიჯია საჭირო, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს". - ამბობს კაპანაძე. 

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა 30 მარტს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კომენტარები