ჰონგ-კონგი

ჩინეთმა ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის ცვლილება დაამტკიცა

Rappler

ჩინეთმა ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის ცვლილება დაამტკიცა. ჩინეთის მხარე ირწმუნება, რომ ამგვარად უზრუნველყოფენ, რომ ჰონგ-კონგელი "პატრიოტები" მართავენ ქალაქს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. 

ეროვნული სახალხო კონგრესის საბჭოდან საარჩევნო ცვლილებებს არავის შეწინააღმდეგებია. 

ცვლილებებით არსებულზე მეტად მცირდება დემოკრატიული წარმომადგენლობა ქალაქის მმართველ ინსტიტუტებში. 

მას შემდეგ, რაც პეკინმა ქალაქში ეროვნული უშიშროების კანონი შემოიღო, რაც ქალაქის ავტონომიურობის დასასრულად იქნა აღქმული, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რითაც პეკინი ქალაქზე უფრო მეტ კონტროლს ამყარებს. ეს  ნაბიჯი წარმოადგენს პეკინის ძალისხმევას გლობალური ფინანსური ცენტრის უფრო მკაცრი ავტორიტარული კონტროლის კონსოლიდაციისთვის.

ახალი ცვლილებით, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ოპოზიციას გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე. ახალი ზომები გავლენას იქონიებს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს ზომასა და შემადგენლობაზე და საარჩევნო კომიტეტის, რომელიც შეარჩევს აღმასრულებელ ხელმძღვანელს პროპეკინელი პირების სასარგებლოდ.

იქმნება ახალი მექანიზმი, რათა შესაბამისად შეარჩიონ კანდიდატები და შეამოწმონ არჩევნებში გამარჯვებულთა ქცევა და დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ისინი, ვისაც "პატრიოტებად" მიიჩნევენ,  მართავენ ჰონკონგს.

არსებული ინფორმაციით, პირდაპირი წესით ასარჩევი წარმომადგენლების რიცხვი 35-დან 20-მდე მცირდება. საკანონმდებლო საბჭოს ზომა იზრდება 70 ადგილიდან 90-მდე.  ამჟამად, საკანონმდებლო საბჭოში 70 ადგილიდან ნახევარს პირდაპირი წესით ირჩევენ, ეს პროპორცია შემცირდება საარჩევნო საბჭოს მიერ დამატებული ადგილებით. მეორე ნახევარს კი წარმოადგენენ ინდუსტრიები, გაერთიანებები. ეს ადამიანები, ძირითადად, პროპეკინელი პირები არიან. ასევე იზრდება საარჩევნო კომიტეტის ზომა იზრდება 1200 წევრიდან 1500-მდე. სწორედ ეს კომიტეტი მონაწილეობას იღებს ქალაქის მმართველის არჩევაში. 

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო, მაშინ ჰონგ-კონგის ქუჩებში, დაახლოებით, მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები გაგრძელდა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, ქალაქის ლიდერ კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მას შემდეგ ჰონგ-კონგისთვის ვითარება გაუარესდა. ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები