პოლიტიკური კრიზისი

კელი და კრამერი: აშშ-მ უნდა მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე პასუხისმგებელი პირებისთვის

დევიდ კრამერი/იან კელი

გამოცემა The Bulwark-ზე გამოქვეყნდა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, დევიდ კრამერისა და საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის სტატია – როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მ პრობლემას საქართველოში. ავტორები განიხილავენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისში აშშ-ს როლს.

კრამერი და კელი წერენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე დიდი პოზიტიური გავლენით უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში. ავტორების თანახმად, აშშ-მ უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა და მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

"ბაიდენის ადმინისტრაცია ბევრი სხვადასხვა საშინაო და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, აშშ-მ უნდა წაახალისოს [საქართველოში] კრიზისის გადაჭრა და გამოიყენოს თავისი ძლიერი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე ზღვრამდე ქვეყნის მიყვანაზე პასუხისმგებელი პირებისთვის."

კელი და კრამერი ასევე მიიჩნევენ, რომ საჭიროა, აშშ-ს კონგრესის წევრები საქართველოში საგანგებო წარმომადგენლებად ჩამოვიდნენ. 

"ამისთვის საჭიროა გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტში, ახლა მხოლოდ სამი ოფიციალური პირია დამტკიცებული და პრეზიდენტს ჯერ კიდევ არავინ წარუდგენია მდივნის თანაშემწის პოსტზე. ამ პოზიციების შევსებას დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე კონგრესის რამდენიმე გადამწყვეტმა ფიგურამ ორპარტიული შეთანხმების ფარგლებში უნდა დაგეგმონ ვიზიტი თბილისში და იმოქმედონ როგორც საგანგებო წარმომადგენლებმა. 2004 წელს სენატორი რიჩარდ ლუგარი ჩავიდა უკრაინაში, რათა დახმარებოდა ქვეყანას სახიფათო ჩიხიდან გამოსვლაში. საქართველოს მსგავსი ძალისხმევა სჭირდება. ბოლო მოსმენა სენატის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტში კონგრესის უფრო აქტიური როლის დასაწყისი იყო."

ავტორები წერენ, რომ საქართველოში არსებული კრიზისი მხოლოდ რუსეთს აწყობს.

"საქართველოში არასტაბილურობა და ქაოსი მხოლოდ კრემლს აწყობს. ამის გაცნობიერება დასავლეთში საქართველოს პარტნიორებისთვის და საქართველოში ყველასთვის საკმარისი უნდა იყოს გამოსაფხიზლებლად. მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც ყველა პარტიამ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს კომპრომისზე პარლამეტში მრავალპარტიულობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამის ფასილიტაციაში, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედონ."

სტატიაში დევიდ კრამერი და იან კელი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, შეჭრილიყო ოპოზიციის ოფისში და დაეპატიმრებინა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია, საფრთხის წინაშე დააყენა აშშ-ს მხარდაჭერა და კეთილგანწყობა

კომენტარები