პოლიტიკური კრიზისი

დამენია: დანიელსონის ვიზიტი ოპტიმიზმს ბადებს, პრინციპული საკითხები უცვლელი რჩება

ევროპული საქართველოს წევრი ლაშა დამენია ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი "ოპტიმიზმს ბადებს", რომ მოლაპარაკებები შედგება. მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები, პრინციპული საკითხები უცვლელია. 

"დანიელსონის ვიზიტი ოპტიმიზმს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოლაპარაკებები შედგება და დასრულდება კარგად. აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, ის პრინციპული საკითხები უცვლელი რჩება - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.  

ვინაიდან ეს კრიზისი იმიტომ შეიქმნა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნება. კომპრომისი შეიძლება მხოლოდ იმ საკითხზე იქნას მიღწეული, სადაც არის საუბარი გზებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვადამდელი არჩევნები". – ამბობს დამენია. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. დღეს, 29 მარტს, დანიელსონი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე". დანიელსონი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. 

შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა 28 მარტს პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

მანამდე, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები