კრისტიან დანიელსონის ვიზიტი

"ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე" – პრემიერი დანიელსონთან შეხვედრაზე

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება. ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს". – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.

"მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება  პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე.

პრემიერმა კრისტიან დანიელსონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის დიდ ინტერესს, რაც პროცესის ყველა აქტორს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს". – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტის რეზიდენციაში წავა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები