პოლიტიკური კრიზისი

გიგაური: რიგგარეშე არჩევნები პარტიების პოზიციაა, შესაბამისად ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია

facebook.com/eka.gigauri.5

"რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენ არ გვისაუბრია, ეს არის პარტიების პოზიცია, შესაბამისად, ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია" – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

გიგაურის თქმით, კრისტიან დანიელსონთან საუბარი იყო ისეთ თემებზე როგორიცაა: პოლიტპატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების განაწილებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები.

"ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვისაუბრეთ პატიმრებზე, იმ პატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების შესაბამისად, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ვისაუბრეთ იმ ყოვლისმომცველ რეფორმაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ძალაუფლების განაწილების ბერკეტებზე და საშუალებებზე" – თქვა გიგაურმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები