პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი: საქართველოში სამი დღე დავრჩები – ახლა კომპრომისის დროა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება. დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას კომპრომისისკენ მოუწოდებს. 

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი და ველოდები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას, ოპოზიციური და მმართველ პარტიების ლიდერებთან, რათა მხარი დავუჭირო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს. კომპრომისი არის ევროპული გზა. მე აქ სამი დღის განმავლობაში დავრჩები და ველოდები, ისევ მოგმართოთ თქვენ ჩემი მისიის დასასრულს, სამშაბათს". – თქვა კრისტიან დანიელსონმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები