პოლიტიკური კრიზისი

ჩიხლაძე: ყველა მოლაპარაკება სრულდება წარმატებით, თუ რაღაც მომენტამდე კონფიდენციალურია

"ყველა მოლაპარაკება სრულდება წარმატებით, თუ რაღაც მომენტამდე არის კონფიდეციალური". - ასე განმარტავს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ტაბულასთან მიზეზს, თუ რატომ არ შეუერთდა პარტია ოპოზიციის საერთო განცხადებას

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებლში განცხადების სულისკვეთებასა და შინაარსს სრულად იზიარებენ, თუმცა, მისივე სიტყვებით, მის დღეს გამოქვეყნებას ტაქტიკურად არ ეთანხმებიან.

"ტექსტის რედაქტირებაში ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტექსტი შეგვედგინა, თუმცა საუბარი იყო, რომ მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ეს ტექსტი საჯარო არ გაგვეხადა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მედიატორთან საურთიერთოდ, არაფორმალურად". - ამბობს ჩიხლაძე. 

სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ განცხადება, შესაძლოა, საჯარო გამხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნებოდა. მისივე სიტყვებით, შესაძლოა, განცხადების გამოქვეყნება მედიატორმა "აღიქვას თავისი ლავირების გზების შეზღუდვად".

"გამჭვირვალობის წინააღმდეგი, ზოგადად, არ ვართ, მაგრამ ეს ნებისმიერი მოლაპარაკების ანაბანა და ქრესტომათიაა, რომ, სანამ რაღაც შეთანხმებამდე არ მივალთ, იქ, შეიძლება, ძალიან ბევრმა ვარიანტმა გაიჟღეროს. ამ წერილში ყველაფერი არ წერია, ბევრად მეტი დეტალია, რომელიც შეიძლება, მერე საჯარო გავხადოთ. ამიტომ, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ყველა დეტალის გარეთ გამოტანა შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს? საზოგადოებაში შეიძლება, სხვანაირად იყოს აღქმული, ყველაფერი შეიძლება ვერ ახსნა, იქ შემდეგ, შეიძლება, ზეწოლა მოხდეს მონაწილე მხარეებზე და ა.შ. ყველა მოლაპარაკება სრულდება წარმატებით, როცა რაღაც მომენტამდე არის შენარჩუნებული კონფიდენციალურობა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე რამის წინააღმდეგია. 

ნებისმიერი დიდი მოლაპარაკებები რომ ავიღოთ, მაგალითად, ბალკანეთის მოლაპარაკება, დეიტონის ხელშეკრულება როცა დაიდო, სამი კვირა მხარეები ამერიკის ბაზაზე იყვნენ "დამწყვდეულები" და თავიანთ კოლეგებთანაც არ ჰქონდათ კონტაქტი. ძალიან კარგი მაგალითია. ჩაკეტილები მონაწილეობდნენ და განიხილავდნენ, რომ არათუ საზოგადოებას, საახლობლო პოლიტიკურ წრეებსაც არ ჰქონდათ შეხება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე წინააღმდეგია გამჭვირვალობის, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. თუ საზოგადოება ჩვენ არ გვენდობა და მანდატს არ გვაძლევს, რომ მოლაპარაკებები წარვმართოთ, მაშინ ხო, მაგრამ, მგონი, ეს ასე არ არის. ჩვენი ამომრჩეველი უნდა ენდოს თავისი მანდატით აღჭურვილ ადამიანებს, მით უმეტეს, დაინახეს, რომ ჩვენ მანდატისთვის და სკამისთვის არ ვიბრძვით. მშვიდად უნდა მიყვეთ ამ პროცესს ყოველგვარი რყევებისა და ჰიპოთეტური რისკების გარეშე". - ამბობს ჩიხლაძე ტაბულასთან საუბარში.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. განაცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა.  განცხადების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას სთავაზობენ. ოპოზიციის პოზიციით, თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელის დანიშვნის ტესტად არ გამოდგება.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პარტია პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები