პოლიტიკური კრიზისი

საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ძალის გადანაწილება პარლამენტში – ოპოზიციის ერთიანი ხედვა

ტაბულა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში საუბარია ოპოზიციური პარტიების საერთო ხედვაზე, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმებსა და პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების შესახებ:

"საარჩევნო სისტემის/ადმინისტრაციის რეფორმა არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მისი ფორმირების და ფუნქციონირების წესი შეუძლებელს უნდა ხდიდეს მმართველი პარტიის სრულ დომინაციას, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ. ამისთვის ოპოზიციას შეთავაზებული აქვს როგორც ელექტრონული კენჭისყრის რეალისტური მექანიზმების შემოტანა, ასევე ამომრჩევლების იდენტიფიცირების და კენჭისყრის ფარულობის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ეს აუცილებელი ცვლილებები ამ ეტაპზე არაა ასახული პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში. 

სასამართლოს რეფორმა ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ხედვა თუ როგორ უნდა რეფორმირდეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა. იქამდე უნდა შეწყდეს ამ საბჭოს მიერ სასამართლოების დაკომპლექტება. აქაც, საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსად, ნებისმიერი რეფორმა უნდა მოიცავდეს დღევანდელი თუ მომავალი ოპოზიციის იგნორირების  შეუძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის ფორმირებისას

ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში – საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებისა და ფუნქციების გადანაწილება ნებისმიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ გადაწონის სხვა საკითხებს. ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზიციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის". – ნათქვამია განცხადებაში. 

  • ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პარტია პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები