პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიცია: გააზრებული გვაქვს შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა ქვეყნის განვითარებისთვის

ტაბულა

ოპოზიცური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც ისინი მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციას გააზრებული აქვს შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა ქვეყნის განვითარებისთვის. 

"ჩვენ გააზრებული გვაქვს შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო მეგობრების სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას და დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი. 

ამავე დროს, ჩვენ ვერ მოვიტყუებთ თავს და შეთანხმების ფორმალურად მიღწევის საბაბით, გადაუჭრელს ვერ დავტოვებთ საკვანძო საკითხებს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს რეჟიმის ავტორიტარულ ინსტინქტებს. დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალური მოქნილობა ვაჩვენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც, ხელისუფლება ხისტი უარის პოზიციაში ჩადგა". – ნათქვამია განცხადებაში. 

  • ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პარტია პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა. ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები