ჩინეთი-ირანი

ირანმა და ჩინეთმა 25-წლიან თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

27 მარტს ჩინეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის 25-წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, აღნიშნა, რომ ირანისა და ჩინეთის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს ამჟამინდელი სიტუაცია და ის იქნება მუდმივი და სტრატეგიული. 

"ირანი დამოუკიდებელად, თავად წყვეტს თავის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან და სხვა ქვეყნების მსგავსად ერთი სატელეფონო ზარით პოზიციას არ იცვლის". - დასძინა მან. 

წინასწარი ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ჩინურ ინვესტიციებს ირანის ენერგო- და ინფრასტრუქტურის სექტორებში. 

პეკინი თეირანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოკავშირეა. ჩინეთი ასევე არის ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. 

აღსანიშნავია, რომ მხარეები 2016 წელს შეთანხმდნენ მომავალი ათწლეულის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობის 10-ჯერ და უფრო მეტად გაზრდაზე. 

შეთანხმების ხელმოწერამდე ორი დღით ადრე, 25 მარტს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ ირანში ბირთვული შეთანხმებისა და ჩინეთ-ირანის ურთიერთობების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.

ჩინეთმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ბოლო თვეების განმავლობაში "არაპირდაპირი გზით" გადაიტანა ნავთობის რეკორდული მოცულობა ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მონაცემებით, წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ირანული ნავთობი არ შესულა.

კომენტარები