პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია მოლაპარაკებებზე: გვესმის, რომ არის საკითხები, რომლებიც მყისიერად გადაუწყვეტადია

პარლამენტი

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს პრეზინდეტის, შარლ მიშელის მიერ ჩამოყალიბებულ პუნქტებზე შეთანხმება შედგება, ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც მყისიერად ვერ გადაწყდება.

"რადგან ჩვენ დავთანხმდით ხუთივე პუნქტზე, მეექსვე პუნქტი უბრალოდ ტექნიკურია და ამიტომ აღარ ვახსენებ ფორმალურად ღარიბაშვილმაც თქვა, რომ კარგი ამოცანით, გონივრულად კეთილი განწყობით უნდა მოვილაპარაკოთ, უნდა მოვილაპარაკოთ ხუთივეზე. ოღონდ ყველას გვესმის, რომ იქ არის საკითხები, რომელიც მყისიერად გადაუწვყვეტადია. სასამართლო რეფორმა, რომელიც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეასრულა - ჩემი იმ გუნდის ჩათვლით, რომლის ნაწილიც ვიყავი, ახლა ხუთ დღეში რომ გადაწყდება, ხო არასერიოზულია. ოღონდ, უნდა დავინახოთ გზისმკვლევი ან მინიმალური კომპრომისი იმაზე, რომ არ გაუარესდეს საქმე და ფუნდამენტი დაიდოს", – ამბობს ის.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მას ოპოზიციის მხრიდან დასაშვებ კომპრომისად ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარება მიაჩნია.

"თუმცა, არის საკითხები და, მოდი, დაღმავალიდან აღმავალისკენ დავიწყებ – საარჩევნო სისტემის არსებული სისტემის ცვლილებიდან დაწყებული, რეგულაციების და წესების ცვლილება, რომ ოპოზიციის იგნორირება იყოს შეუძლებელი ან გონივრულად შემცირებული იყოს იმის შანსები, რამაც პრობლემები მოიტანა – ზეწოლამ, მოსყიდვამ, კარუსელებმა, ჩაყრამ და ჩვენ ეს პაკეტი დადებული გვაქვს, გონივრული არა დროშების ქნევის, რომ ახლა ყველაფერი ჩვენ მოგვეცით კონტროლი და ნახვამდის, რაც ოპოზიციის მხრიდან გვინახავს პოლიტიკაში და ორი მთავარი საკითხი - ის, რომ ვაჭრობა არ უნდა იყოს ასეთი და პოლიტმატიმრები თავისუფლები იყვნენ, პოლიტიკური საქმეები შეწყდეს და ეს პროცესი აღარ გაგრძელდეს. იმიტომ, რომ ხვალ მელია და რურუა გამოუშვას და ზეგ დაიჭიროს ვიღაც სამი ადამიანი, რაც ადრე ქნა, ეგ არ უნდა მოხდეს. და ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ და ხო, აქ განსხვავებული პოზიციები აქვთ პარტიებს, მაგრამ მე პირადად ასეთი კრიზისის განსამუხტად მიმაჩნია დასაშვებ კომპრომისად ღია კითხვა ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების მიმართ ვადამდელ არჩევნებზე". – ამბობს ის.


28 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა და მისი მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები 29 მარტს განახლდება.

თავდაპირევლად, დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის მანძილზე მართავდა. ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

მის ჩამოსვლას წინ უსწრებდა გამწვავებული კრიზისის ფონზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. 

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები