აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

კიმ ჩენ ინი
EPA

25 მარტს ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა იაპონიის ზღვაში.

იაპონიაში განაცხადეს, რომ რაკეტის ნამსხვრევები მის ტერიტორიულ წყლებში არ მოხვედრილა.

იაპონიის ოფიციალური პირების განცხადებით, რაკეტებმა 420 და 430 კილომეტრი იფრინეს მანამ, სანამ წყალში ჩაეშვებოდნენ. გემები ან თვითმფრინავები არ დაზიანებულა.

სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდა დაგმეს. 

იაპონიის პრემიერმინისტრის, იოშიჰიდე სუგას თქმით, ამით ჩრდილოეთ კორეა ახალ, ბაიდენის ადმინისტრაციაზე წნეხს ზრდის და ტოკიოს ოლიმპიადის წინ დაძაბულობას აღვივებს. 

ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაძაბული ურთიერთობის დროს, გასულ წელს გამოსცადა

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, 21 მარტს ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროზე გაისროლა მცირე რადიუსის ორი რაკეტა. 

ეს იყო პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები გამოცადა. 

18 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამხრეთ კორეაში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ, სადაც ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეის განიარაღებაზე იმუშავებს და მან, ასევე, გააკრიტიკა ადამიანთა უფლებების "ფართო და სისტემური" დარღვევები. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჯონგმა ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა და აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გააკრიტიკა. "მინდა გავაფრთხილო აშშ-ს ახალი მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ ოკეანის გადაღმიდან ჩვენს მიწას დენთის სუნი მოსდოს. თუკი მომდევნო ოთხი წელი მშვიდი ძილი სურთ, უკეთესი იქნება, თუ საკუთარი პირველი ნაბიჯებით არ აგვაყროლებენ". – თქვა კიმ იო ჯონგმა.

აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა განხილვის ბოლო ეტაპზეა და მომავალ კვირას მისი განხილვისთვის ისინი იაპონიის და სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების მრჩევლებს უმასპინძლებენ.

კომენტარები