პოლიტიკური კრიზისი

რიში: კრიზისზე, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას, ყველა მხარე პასუხისმგებელია

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოსმენა გაიმართა. სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. მოსმენაზე სენატორმა ჯეიმს რიშმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. სენატორმა აღნიშნა, რომ კრიზისზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მხარეს აკისრია.

"სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვიხილეთ, თუ როგორ განიცდიდა საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ქვეყანა უკეთესს იმსახურებს და უნიკალური შესაძლებლობა აქვს, სსრკ-ს ისტორიას თავი დააღწიოს. ახლა [საქართველოში] ოლიგარქიული გავლენები იზრდება სასამართლოზე, მედიასა და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე.

ჩემი აზრით, კრიზისზე, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას და რომელიც რამდენიმე წლის დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაა, ყველა მხარე პასუხისმგებელია. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააანალიზონ საკუთარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ". – თქვა სენატორმა.

ჯეიმს რიშმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კრიზისიდან გამოსვლაზე მმართველ პარტიას აკისრია.

"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველ პარტიას, ქართული ოცნებას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. ეს კონფლიქტი მხოლოდ აზიანებს ქვეყანას და ხალხს და რუსეთს უღებს კარს". – თქვა სენატორმა.

კომენტარები